English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ რევაზ ჯავახიშვილი
იაპონიის მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

რეზიუმე

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.03.Revaz.Javakhishvili

იაპონიამ გასული საუკუნის მეორე ნახევარში არნახულ წარმატებებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. თუმცა, 90-იანი წლებიდან მისი ეკონომიკა განიცდის სერიოზულ რყევებსა და სიძნელეებს. ახალი რეალობის გათვალისწინებით, შემუშავდა ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი და უსაფრთხო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. ნაშრომში გაანალიზებულია ამ სტრატეგიის მიზნები და ამოცანები, მისი შემადგენელი ელემენტები და მიმართულებები: იაპონიის მრეწველობის აღორძინება; სტრატეგიული ბაზრის შექმნა; გლობალური უპირატესობის მიღწევა. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზაციის პირობებში ქვეყნის ძირითად მიმართულეებად კვლავ რჩება საგარეო ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, მისი ახალ-ახალი სეგმენტების მოძიება და საქმიანობის არეალის გაფართოება, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და იაპონური კომპანიების საზღვარგარეთული აქტიურობის დივერსიფიკაცია.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი და უსაფრთხო განვითარება, გრძელვადიანი სტრატეგია, კონკურეტუნარიანობა, უახლესი ტექნოლოგიები, საექსპორტო პოტენციალი. 

სათანადო ბუნებრივ-რესურსული ფაქტორების პრაქტიკულად არარსებობის პირობებში, სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კურსის აღებისა და შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით, იაპონიამ შესძლო ისტორიულად მოკლე დროში მსოფლიოს ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგში ჩადგომა. მანამდე კი, ქვეყანამ განვლო ეკონომიკური რეფორმირებისა და გარდაქმნების საკმაოდ რთული გზა. მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა იაპონიის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი. ომისშემდგომ პერიოში მოხდა ეკონომიკის განვითრებისა და სტრუქტურული გარდაქმნის სამთავრობო პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც საძუძვლად დაედო მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების ფართოდ გამოყენება, მაღალკვალიფიციური მუშათა კადრების მომზადების ორგანიზაცია, ომისა და ომისშემდგომ პერიოდში სამრეწველო მშენებლობის სფეროში დაგროვილი გამოცდილება. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა, გასული საუკუნის მეორე ნახევარში, იაპონიის ეკონომიკის არნახული აღორძინება, რომელიც ისტორიაში ცნობილია „იაპონური სასწაულის“ სახელწოდებით.

გასული საუკუნის 80-იან წლებში იაპონიამ მტკიცედ დაიკავა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი (მე-2 ადგილი აშშ-ს შემდეგ) მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის. ამ დროისთვის ქვეყნის მშპ უდრიდა 1,068 ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე კი - 9147 აშშ დოლარს [11].  ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს აკონტროლებენ გიგანტური კომპანიები „მიცუბიში“, „მიცუი“, „ტოიოტა“, „სუმიტომო“, „ფუჯი“, „სანვა“ და სხვ. იაპონური ეკონომიკის დამახასიათებელ ნიშნად იქცა მსხვილი კონცერნებისა და დიდი რაოდენობის წვრილ საწარმოთა ურთიერთშერწყმა. ქვეყანაში განხორციელდა, მრეწველობის სტრუქტურული სრულყოფის ჩარჩოებში, მისი ენერგოტევადი და მასალატევადი დარგების გარდაქმნა, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის ნედლეულისა და სათბობის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

მონაცემებით დასტურდება, რომ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე იაპონიის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები გარკვეული ზრდით ხასიათდება. თუმცა, ზრდა უფრო დაბალი ტემპებით განხორციელდა, გასული საუკუნის მეორე ნახევარში მათი ზრდის ტემპებთან შედარებით. ბოლო პერიოდში /გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული/, იაპონიის ეკონომიკური განვითარება განიცდის სერიოზულ რყევებსა და სიძნელეებს. ქვეყანა აღმოჩნდა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელთაგან აღსანიშნავია მაღალი დეფლაციის აღმოფხვრა, უზარმაზარი სახელმწიფო ვალის შემცირება და, ზოგადად, მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. „დაკარგული ათწლეულის“ უარყოფითი შედეგების დაძლევა.

გარდა ამისა, თანამედროვე ეტაპზე გლობალური ეკონომიკური სისტემის რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივში გადაზრდამ, განაპირობა მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაპტის დიდი რყევა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა გლობალიზაციის ეპოქის პირველ მსოფლიო კრიზისში, რომელიც იაპონიისთვის უფრო ღრმა და მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის. ამასთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკის დინამიზმსა და სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები გამოიხატა მისი აზიისკენ /პირველ რიგში, ჩინეთისკენ/ გადანაცვლებაში, მსოფლიოში „ზრდის ახალი პოლუსების“ გამოჩენაში, რითაც განხორციელდა მსოფლიო ეკონომიკის მულტიპოლარულ სტრუქტურაზე გადასვლა, საკმაოდ წარმატებული ეროვნული, სოციალურ-ეკონომიკური მოდელების წარმოქმნა.

გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე როგორც მსოფლიოს, ისე თვით იაპონიის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულმა და სისტემურმა ძვრებმა, დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი წყაროების ძიების აუცილებლობის საკითხი. ახალი რეალობის პირობებში, ქვეყნის წინაშე დადგა გრძელვადიანი, მყარი და უსაფრთხო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავების ამოცანა. იაპონიისთვის ეს გამოწვევა შემდეგი გარემოებებითაცა იყო ნაკარნახევი:

ჯერ ერთი, იმით, რომ XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე იაპონია აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკის განვითარების „დაბალსიჩქარიან“ სეგმენტში და 2008-2010 წწ. საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი მას უფრო მწვავედ შეეხო, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მსოფლიო მშპ-ში იაპონიის წილის თანდათანობით შემცირება და 2010 წლისთვის მან ოფიციალურად დაკარგა მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ეკონომიკური განვითარებით მას გადაასწრო ჩინეთმა [7]. გარდა ამისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ იაპონია ჯერ კიდევ სრულად ვერ გათავისუფლდა ე.წ. „დამწევი“ ეკონომიკური განვითარებისა და გასული საუკუნის 90-იანი წლების ხანგრძლივი რეცესიის მემკვიდრეობისგან.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც განსასზღვრა იაპონიის მიერ მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, გახდა როგორც მთლიანად, ისე მატერიალური წარმოების მთელ რიგ დარგებში კონკურენტუნარიანობის დაკარგვა. მართალია, ამ მხრივ, იაპონიას ფორმალურად ჯერ კიდევ მაღალი რეიტინგი აქვს /მე-10 ადგილი მსოფლიოში/, მაგრამ ამ მაჩვენებლით მას ბევრმა ქვეყანამ /მათ შორის, ზიის - ტაივანი და ჰონკონგი/ გადაასწრო.

ცნობილია, რომ იაპონია ისტორიულად იყო და მნიშვნელოვანწილად ახლაც არის, უფრო მეტად, საგარეო ბაზარზე ორიენტირებული ქვეყანა. ბოლო პერიოდში კი შეიმჩნევა მისი ხვედრიწილის შემცირება მსოფლიო ვაჭრობაში. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია მთელი რიგი საშინაო და საგარეო ფაქტორებით:

ჯერ ერთი, როგორც მთლიანად იაპონიის ეკონომიკა, ისე იაპონური სამრეწველო კომპანიები განიცდიან მწვავე კონკურენციას განვითარებადი ქვეყნების, მ.შ., პირველ რიგში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მხრივ, რომელთა უმრავლესობამ მეტ-ნაკლები ზომით წარმატებით მოახდინა იაპონური ეკონომიკური მოდელის რეალიზაცია. გარდა ამისა, სულ უფრო მწვავდება კონკურენტული ბრძოლა თვით განვითარებული ქვეყნების - აშშ, ევროპა, იაპონია და სწრაფად მზარდი აზიური ქვეყნების ბაზრებზე.

მეორე, ბიზნესის სწრაფად პროგრესირებადი ტრანსნაციონალიზაციის პირობებში, დღეს მსოფლიო არენაზე გამოდის არაიმდენად ქვეყანა, არამედ, უფრო მეტად, კომპანია, რადგანაც ამჟამად, ძალზე სწრაფად იზრდება შიდასაფირმო სავაჭრო ოპერაციები, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობის სუბიექტად სულ უფრო მეტად ხდება არა საქონელი და მომსახურება, არამედ დამატებული ღირებულება. გლობალიზაციის გაღრმავების პირობებში კომპანიები თავიანთი პროდუქციის სულ უფრო მეტ ნაწილს აწარმოებენ საზღვარგარეთ /იაპონური სამრეწველო კომპანიების ეს მაჩვენებელი შეადგენს მრეწველობის მთლიანი პროდუქციის 25%-ს/ [10]. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მეურნეობასა და სავაჭრო ბრუნვაში ქვეყნის მონაწილეობის რეალური სურათის ჩვენებისა და საზღვარგარეთის ბაზრებზე მისი ეკონომიკის დამოკიდებულების დონის რეალური შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპანიების საზღვარგარეთული საქმიანობის მასშტაბებიც.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის წარმატების საფუძველია მისი მოქნილობა და ადაპტაციის უნარი. სწორედ ამ თვისებებით არაერთხელ გამოავლინა თავისი უპირატესობა იაპონიის ეკონომიკამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. როგორც უკვე აღინიშნა, ამ საუკუნის დასაწყისში კი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები საკმაოდ დაჩქარდა და რაოდენობრივი ცვლილებები გადაიზარდა თვისობრივში, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა იაპონიის ხელისუფლებისა და სამთავრობო წრეების შეხედულებები ახალ ვითარებაში ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ. აქედან გამომდინარე, 2005 წელს იაპონიის ეკონომიკისა და საფინანსო პოლიტიკის საბჭოს მიერ შეიქმნა და გასაჯაროვდა დოკუმენტი -„იაპონია 21“, სადაც განისაზღვრა იაპონიის ეკონომიკის განვითარების ძირითდი ფაქტორები და მიმართულებები უახლესი მეოთხედი საუკუნის მანძილზე და, აგრეთვე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითრების სამომავლო კურსი.

2006 წლის მაისში კი სამთავრობო სტრუქტურაში შეიქმნა კომპლექსური ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების საბჭო, რომელმაც უკვე არსებული ეკონომიკისა და საფინანსო პოლიტიკის საბჭოსთნ ერთად და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების აქტიური მონაწილეობით, შეიმუშავა ეკონომიკური ზრდის ახალი სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია, მოსახლეობის შემცირების ხანგრძლივი ტენდენციის პირობებში, ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფაზე.

ეს ახალი სტრატეგია, გახდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის ფუნდამენტალური პრინციპების ნაწილი. იგი ახალ ეროვნულ ენერგეტიკულ და გლობალურ ეკონომიკურ სტრატეგიებთან ერთად, საფუძვლად დაედო მიმდინარე სახელმწიფო ეკონომიკურ და სამრეწველო პოლიტიკას. აღნიშნულ დოკუმენტებში იაპონიის საერთაშორისო სპეციალიზაცია განიხილება, უფრო მეტად, ინოვაციურ პრიზმაში იმის გათვალისწინებით, რომ პერსპექტივაში იაპონია უნდა იქცეს გლობალურ ინოვაციურ ცენტრად, რომელიც მსოფლიო ბაზარს მიაწვდის ახალ ინოვაციურ საქონელსა და ტექნოლოგიებს. სტრატეგია ამის განხორციელებას გულისხმობს აზიის ქვეყნებთან, ე.წ. „ზრდის XXI საუკუნის ცენტრთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც თანდათანობით გახსნიან თავიანთ ბაზრებს, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებით, განავითარებენ საწარმოო ძალებსა და აამაღლებენ მწარმოებლურობას.

მთლიანობაში, იაპონიის თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია როგორც მიმდინარე ამოცანების (ინფლაციის აღმოფხვრა და სახელმწიფო ვალის შემცირება) გადაწყვეტაზე, ისე გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე (ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმირება). აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ატარებს კომპლექსურ ხასიათს და მოიცავს სამი კონკრეტული მოქმედების გეგმას:

  1. იაპონიის მრეწველობის აღორძინების გეგმა, რომლის ძირითდი მიმართულებებია:
  • სტრუქტურული რეფორმების პროგრამების განხორციელების დაჩქარება /კერძოდ, სამედიცინო მოწყობილობის ბაზრის რეგულირება, ინტერნეტის მეშვეობით მედიკამენტების გაყიდვა და ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ეკოლოგიური შეფასება/;
  • შრომის ბაზრის რეფორმირება და ადამიანისეული რესურსების განვითარება;
  • სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის მოწინავე საინფორმაციო საზოგადოებად გადაქცევა;
  • ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მისი საერთაშორისო ბიზნეს -ცენტრად გადაქცევა;
  • საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება.

გეგმის ეს ნაწილი ითვალისწინებს გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულირებას ისე, რომ მან შეძლოს გლობალურ სამყაროში წარმატებული კონკურენცია, აგრეთვე, მომსახურების დარგთა სფეროს პრიორიტეტული განვითარება, უფრო დიდი ზომით დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობებით.

არსებითი ცვლილებებია მოსალოდნელი შრომის ბაზარზეც, განხორციელდება „სტაბილური დაქირავებიდან“ „უმუშევრობის გარეშე, მოძრავ შრომის ბაზარზე“ გადასვლა, რაც არსებითად ნიშნავს „სიცოცხლის მანძილზე“ დაქირავების სისტემაზე უარის თქმას. ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა შრომითი რესურსების ეფექტიანი მართვის ხარისხის ამაღლებას, ქალების, ახალგაზრდებისა და პენსიონრების მუშაობაში ჩართვის პირობების გაუმჯობესებას.

  1. სტრატეგიული ბაზრის შექმნის გეგმა ითვალისწინებს: ჯანდაცვის სრულყოფასა და ჯანმრთელი ცხოვრების გახანგრძლივებას; სუფთა და ეკონომიკურად ეფექტიანი ენერგეტიკის შექმნას; ახალი თაობის მოხერხებული და უსაფრთხო ეკონომიური ინფრასტრუქტურის შექმნასა და სრულყოფას; რეგიონული გაერთიანებების ფორმირებას, რომელთა განვითარება დაეფუძნება უნიკალური ადგილობრივი რესურსების გამოყენებას.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება წარმოადგენს. სადღეისოდ, იაპონიას აქვს ენერგეტიკის განვითარების საკმაოდ მაღალი დონე. მის წილად მოდის მსოფლიო ენერგომატარებლების მარაგების დაახლოებით 0,025%. ენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი წყაროებია: ქვანახშირზე (332,3 მლრდ კვ.ს), თხევად გაზზე (402, 9 მლრდ კვ. ს.) მომუშავე თბოელექტროსადგურები, ჰიდროენერგეტიკა (50 019 მგ.ვტ) და განახლებადი ენერგია (111 860 მგ.ვტ). გარდა ამისა, ამჟამად იაპონიაში მოქმედებს 15 ატომური ელექტროსადგური 33 რეაქტორით, რომელთა სიმძლავრეა - 33083 მგ.ვტ. ქვეყანას აქვს აგრეთვე, წყალბადის ენერგიაზე გადასვლის გრძელვადიანი სტრატეგია [11].

ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით ფოკუსიმის ტრაგედიის შემდეგ) ენერგომატარებლების წარმოებასა და მოხმარებაში გამოიკვეთა ატომური ენერგიის წილის შემცირებისა და, შესაბამისად, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების და განახლებადი ენერგიის ხვედრიწილის ზრდის ტენდენცია, რაც სავსებით კანონზომიერია.

იაპონიამ სერიოზულად უნდა იზრუნოს ენერგეტიკული ბაზრის გაფართოებაზე, საშინაო და საგარეო ბაზრებზე თავისი წილის გაზრდაზე. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ეკონომიური ენერგეტიკის შექმნის სტიმულირების მიზნით, სტრატეგიით ნავარაუდევია ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რომელიც ორიენტირებული იქნება საცალო ბაზრის ლიბერალიზაციაზე, ინოვაციების სტიმულირებასა და ენერგეტიკის განვითარების სისტემურ მიდგომაზე. ცხადია, შექმნა და აითვისო ახალი ბაზრები, „გახსნა ახალი ჰორიზონტები“, შესაძლებელია მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების საფუძველზე. სტრატეგია ითვალისწინებს მთელ რიგ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია უახლოეს მომავალში იაპონიის „№1 გლობალურ ინოვატორად“ გადაქცევაზე, ვენჩურული ბიზნესის განვითარებასა და ინოვაციური სისტემის შემდგომ სრულყოფაზე.

  1. გლობალური უპირატესობის მიღწევის სტრატეგია დაფუძნებული იქნება:
  • სხვა ქვეყნებთან საქმიან სტრატეგიულ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ პარტნიორობაზე;
  • გლობალური ბაზრების დაპყრობაზე მიმართული სტრატეგიული ინიციატივების რეალიზაციაზე;
  • მდგრადი და უსაფრთხო სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების მობილიზებასა და ზრდაზე.

გლობალური უპირატესობის მიღწევის სტრატეგია გულისხმობს უცხოური ადამიანისეული რესურსების, საქონლისა და კაპიტალის მოზიდვას და საერთაშორისო ოპერაციებში იაპონური ბიზნესის მონაწილეობის გაფართოებას, ქვეყნის შიგნით კი, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელის შეწყობას.

იაპონური ტრანსნაციონალური კომპანიების საერთაშორისო საწარმოო საქმიანობის გაფართოებასთნ ერთდ, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ძვრები მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის სპეციალიზაციის სფეროში. ეს, პირველ რიგში, შეეხება ექსპორტის სტრუქტურასა და საექსპორტო ოპერაციების მოდელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ქვეყანა დაადგა ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის გზას, მსოფლიო ბაზარზე მას უფრო მეტად გაჰქონდა მზა ნაწარმი, მ.შ. ტექნიკურად რთული, მეცნიერებატევადი პროდუქცია. ახლა კი, ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს შუალედური პროდუქცია /დაახლოებით 75%/, იგივე მაჩვენებელი ჩინეთში უდრის 40%-ს, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში (ჩინეთის გამოკლებით) – 60%-ს, ასეან-ის ქვეყნებში - 77%-ს [5].

ყოველივე ამის შედეგად, იაპონიასა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა შრომის დანაწილების შემდეგი მოდელი: იაპონია სპეცილიზირებულია და ინარჩუნებს თავის კონკურენტუნარიანობას უმეტესად ნაწილებისა და კომპონენტების, მასალებისა და სხვა შუალედური პროდუქციის ექსპორტში, ახდენს რა პირველადი პროდუქციისა და სამომხმარებლო საქონლის იმპორტს. ამასთან, იქმნება ისეთი მდგომარეობა, როცა იაპონია დამატებითი ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს „უთმობს“ ქვეყნებს, სადაც იაპონურ კომპანიებს თავისი წარმოება აქვთ განთავსებული, რაც წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკასა და ვაჭრობაში ქვეყნის ხვედრიწილის შემცირების მნიშვნელოვან ფაქტორს. იაპონური კომპანიების ტრანსნაციონალური საქმიანობის გაღრმავებას კი შედეგად მოსდევს, ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეების „ჩარეცხვა“, იაპონიიდან ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების საზღვარგარეთ გასვლა. ამასთან, ასეთი ტენდენცია მხოლოდ მრეწველობის პრობლემა როდია, იგი ყველა დარგში მიმდინარეობს და, საერთოდ, ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური პოტენციალის „ჩარეცხვის“ ფორმით ვლინდება.

გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკაში იაპონიის ინტეგრაციის გაღრმავების პირობებში, საგარეო ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება, მისი ახალ-ახალი სეგმენტების მოძიება და საქმიანობის არეალის გაფართოება კვლავ რჩება იაპონიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. ამასთან, ქვეყანამ უნდა იზრუნოს საგარეო ბაზრებზე თავისი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის. ამ მხრივ იაპონურ კომპანიებს აქვთ, პირველ რიგში, აზიური ქვეყნების ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის მოპოვების დიდი პოტენციალი როგორც საერთოდ, ისე განსაკუთრებით, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროში.

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დიდი პერსპექტივა აქვს იაპონური ე.წ. „კრეატიული“ დარგების კულტურული „პროდუქციის“ საზღვარგარეთ გატანას, სადაც იგი დიდი მოწონებით სარგებლობს. ეს ის საქონელი და მომსახურებაა, რომელიც ასოცირდება იაპონურ კულტურასა და ცხოვრების წესთან და ხშირად აღინიშნება ბრენდით „იაპონია“. ესაა მოდა, სამზარეულო, ანიმაცია, თამაშები, ფილმები, მუსიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტრადიციული სარეწაო ნაწარმი, ტურიზმი და სხვა.

გლობალური უპირატესობის მიღწევის ძიების ინოვაციური მიდგომები იმითაც გამოიხატება, რომ იაპონიის მთავრობა ყოველთვის ხელს უწყობს, ასტიმულირებს კომპანიების საზღვარგარეთული აქტიურობის დივერსიფიკაციას, უცხოეთში „ინტეგრირებული სისტემის“ გატანას, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას, რათა უცხოელ მომხმარებლებს მიეწოდოს არა მხოლოდ მოწყობილობა, არამედ შესთავაზონ მათ დიზაინის დამუშავება, პროექტირება, განახორციელონ სამშენებლო სამუშაოები, ტექნოლოგიებისა და „ნოუ ჰაუს“, ინჟინირინგული და საგანმანათლებლო მომსახურების ექსპორტირება. ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იაპონური კომპანიების მიერ საზღვარგარეთული ოპერაციების შესრულების შედეგად მიღებული დამატებული ღირებულების მოცულობის ზრდას.

იაპონიის მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზაცია გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას მისი ცალკეული გეგმებით განსაზღვრული ამოცანების რეალური გადაწყვეტის დროს. სტრატეგიით ნავარაუდევია ამ საქმეში სახელმწიფოსა და ყველა დონის ბიზნესის ერთობლივი ჩართულობა, მათი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოება. სახელმწიფომ, სათანადო ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა, რაც სათანადო პირობებს შექმნის ყველა დონეზე ბიზნესის შეუფერხებელი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების, მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების ახალ დონეზე გადაყვანისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Лобанова В. В., Симоненко О. А. – Национальная безопасность Японии и разногласия в Японо-Американских отношениях. http://pnu.edu.ru/meida/ejournal/articles-2016/TGU_7_53.pdf
  2. Миямото Таро – Сщциальная политика и занятость XXI веке https://www.nippon.com/ru/in-depth/a04203/
  3. Павлюшина В., Брилянтова В – Япония в поисках новых драйверов роста, Бюлетень о текущих тенденциях мировой Экономики, Январь 2019.
  4. Пушкарева Л. В. – Экономическая безопасность, учебник, М, 2018 https://sziu-lib.ranepa.ru/new_book/Html_01.19/pushkareva/pushkareva.html
  5. Тимонина И Л – Уровень социально-экономического развития Японии и новый вектор экономической стратегии https://cyberleninka.ru/article/n/uroven-sotsialno-ekonomicheskogo-razvitiya-yaponii-v-mezhdunarodnyh-sravneniyah-i-novyy-vektor-ekonomicheskoy-strategii
  6. Бедность в Японии – невеселый прогресс https://www.nippon.com/ru/features/h00072/
  7. ВВП стран мира: доля стран в мировом ВВП https://fingeniy.com/vvp-stran-mira-dolya-stran-v-mirovom-vvp/
  8. Внешная торговля Японии https://studwood.net/1453201/ekonomika/vneshnyaya_torgovlya_yaponii
  9. Как Япония избежала массовой безработницы в пандемию Коронавируса https://www.nippon.com/ru/in-depth/a07603/
  10. Уровен бедности в Японии https://take-profit.org/statistics/unemployment-rate/japan/
  11. Экономика Японии https://ru.wikipedia.org/wiki/ Экономика_Японии